ქურდული სამყაროს წევრობისთვის, კანონიერი ქურდისთვის მიმართვისა და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობისთვის ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ

2019-07-25 11:18:38
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობისთვის, კანონიერი ქურდისთვის მიმართვისა და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობისთვის ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.გ-მ ე.კ-სთან არსებული ფინანსური დავის გადასაწყვეტად, ზ.ბ-ს და ტ.დ-ს მეშვეობით, მიმართა  „კრიმინალურ ავტორიტეტს“ გ.დ-ს. გ.დ-მ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდთან“ ი.დ-სთან შეთანხმებით, 2018 წლის მაისის თვეში, თბილისში გამართულ „ქურდულ შეკრებაზე“ განიხილა და დავა გადაწყვიტა გ.გ-ს სასარგებლოდ. მან ე.კ-ს დააკისრა თანხის გადახდა როგორც გ.გ-ს, ასევე თავისთვის და ქურდული სამყაროს სხვა წევრებისთვის მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით და ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.
გ.დ-ს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ე.კ-მ მიმართა ასევე საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ ჯ.კ-ს, რათა მას თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით გავლენა მოეხდინა მიღებულ გადაწყვეტილებაზე და შეეცვალა იგი ე.კ-ს სასარგებლოდ. აღნიშნული დავის გადასაწყვეტად ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ ჯ.კ-მ მოდავე მხარეები ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში დაიბარა. 
2018 წლის 16 ივნისს, თურქეთში შედგა ქურდული შეკრება, რომელშიც მონაწილეობდნენ ე.კ, გ.გ., გ.დ და ტ.დ, რა დროსაც „კანონიერი ქურდის“ ჯ.კ-ის მიერ დავა კვლავ გ.გ-ს სასარგებლოდ გადაწყდა, ხოლო ე.კ-ს დაეკისრა თანხის გადახდა როგორც გ.გ-სთვის, ასევე კანონიერი ქურდებისა და დავის განხილვაში მონაწილე ქურდული სამყაროს სხვა წევრებისათვის  მატერიალური სარგებლის მისაღებად. 
2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გ.გ., ზ.ბ., ტ.დ., ე.კ. და გ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს. 
გ.დ.- ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 223'-ე მუხლის 1 ნაწილით და 223''-ე მუხლით; ზ.ბ.-ს -  საქართველოს სსკ-ის 223'-ე მუხლის 1 ნაწილით; ტ.დ.-ს - საქართველოს სსკ-ის 223'-ე მუხლის 1 ნაწილით და 223''-ე მუხლით; ე.კ.-ს - საქართველოს სსკ-ის 223''-ე მუხლით და 223''''-ე მუხლის 1 ნაწილით; გ.გ.-ს - საქართველოს სსკ-ის 223''-ე მუხლით და 223''''-ე მუხლის 1 ნაწილით და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ  ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.