არასრულწლოვანი შვილის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2019-07-25 14:48:34
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ასევე  მის მიმართ ჩადენილ სისტემატურ ძალადობაში და შემაკავებელი ორდერის დარღვევაში ბრალდებული ლ. ქ. დამნაშავედ ცნო. 
 
2019 წლის 21-22 იანვრის ღამეს, ლ.ქ.-მ  ბლაგვი საგნის გამოყენებით ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევა თავის ქალას ღრუში და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება. აღნიშნული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 22 იანვრის დილის საათებში ნ.ზ.  გარდაიცვალა.
 
სამართალდამცველებმა ლ.ქ. იმავე დღეს, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. თავდაპირველად მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.3811 მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
 
2019 წლის 25 თებერვალს ლ.ქ.-ს  წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით  არასრულწლოვნის მიმართ), 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა და ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 111.381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ). 
 
სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის იანვრის დასაწყისიდან 22 იანვრამდე ქ.თბილისში, სანზონაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ლ.ქ. ბავშვის დამორჩილებისა და მისი ქცევის საკუთარი შეხედულებისამებრ კორექტირების მიზნით, სისტემატურად სცემდა 4 წლის შვილს ნ.ზ.-ს., რის შედეგად იგი განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას.
 
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 6 იანვარს ლ.ქ.-ის., როგორც პოტენციური მოძალადის მიმართ, 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა პოტენციურ მსხვერპლთან, მის შვილთან მიახლოება და მასთან  კომუნიკაცია. აღნიშნულის მიუხედავად, 2019 წლის 8 იანვრიდან - 22 იანვრამდე მსჯავრდებული  იმყოფებოდა ქ.თბილისში, სანზონაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე ცხოვრობდა ნ.ზ. 
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ქ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილი ბრალდებების ყველა ეპიზოდში და სასჯელის სახედ და ზომად 11  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.