სტაჟიორობის კანდიდატებს აშშ-ს საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი შეხვდა

2019-07-25 19:38:18
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტაჟიორობის კანდიდატები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეზიდენტ მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტს შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მიზნად ისახავდა წარმატებული გამოცდილების გაზიარებას. მაიკლ გრანტი მონაწილეებს პროფესიულ როლზე, ფუნქციებზე, ღირებულებებზე და გამოწვევებზე ესაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს მოქალაქეთა ინტერესების დაცვის, დაზარალებულებთან და მათი ოჯახის წევრებთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობა და სასამართლო პროცესზე გამოსვლის სპეციფიკა. ყურადღება გამახვილდა ასევე პროფესიული ეთიკის სტანდარტებზე, სამართლიანი და  ეფექტიანი საქმიანობის აუცილებლობაზე. 
საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მორიგ ეტაპზე, 2019 წლის თებერვალში 1214 მსურველის განაცხადი შემოვიდა. ოთხეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად  პროკურატურაში  პროფესიულ სასწავლო მომზადებას დღეს 38 წარმატებული კანდიდატი გადის. 2-თვიანი პროგრამა ორიენტირებულია მსმენელებისთვის იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რომელიც მათ სამომავლოდ პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარებათ. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, წარმატებული მონაწილეები საქართველოს პროკურატურის ტერიტორიულ ორგანოებში განაწილდებიან და ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. 
საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს კვალიფიციური კადრების მოზიდვა და განვითარება წარმოადგენს. ამ მიზნით  პროკურატურა სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს პერიოდულად აცხადებს, რაც დაინტერესებულ პირებს დასაქმებისა და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას აძლევს.