განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2019-07-26 14:44:42
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის  ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, დღის საათებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში გ.მ.-მ შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, პისტოლეტის გამოყენებით, რომელსაც ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ, ხ.ტ.-ს გულმკერდისა და სახის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები, რის შედეგადაც იგი  გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.მ. 2018 წლის 3 დეკემბერს ნინოწმინდაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  მუხლითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.