განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში და საქართველოში უკანონო შემოტანაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

2019-07-29 11:16:50
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში და საქართველოში უკანონო შემოტანაში ბრალდებული უცხოეთის მოქალაქე ა.რ. დამნაშავედ ცნო. 
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ   ა.რ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2522,870292 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინის (მარილი) შემცველი ნივთიერება, რომელიც 2018 წლის 3 დეკემბერს, დღის საათებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ  ა.რ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა,-შენახვა-გასაღება) და ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  საქართველოში უკანონოდ შემოტანა).  ა.რ.-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.